PAPARACI.GE - საინტერესო სიახლეები
loading...
"მახსოვს მამამ რკინის ჩაქუჩი მესროლა, წვიმაში გარეთ გამაგდო და ღამე იქ გავატარე,როცა ვტიროდით ის იცინოდა..." - 19 წლის ქართველი გოგოს უმძიმესი ბავშვობა
სოციალური პროექტი "ქალები საქართველოდან" სოფიო ჯეთერიშვილის ისტორიას წარმოგიდგენთ
სოფიო ჯეთერიშვილი, 19 წლის, დედოფლისწყარო/თელავი

„ჩემი აზრით ადამიანს რისი კეთებაც უნდა, რაც მის სულშია, იმას ყოველთვის გააკეთებს. მთელი ბავშვობა დამოუკიდებელი მინდოდა ვყოფილიყავი. ძალიან ბევრჯერ მქონდა ამის მცდელობა, რამდენჯერმე გავიქეცი, გავიპარე სახლიდან. არ ვიცი რატომ, მაგრამ ბავშვობიდანვე, სულ პატარა ვიყავი და ვიცოდი უკვე, რომ არ მინდოდა იმ სახლში ყოფნა, სადაც არ უყვარხართ და არც შენ გიყვარს.
...
5 წლის ასაკიდან, თუ რამეს დავაშავებდი, მამაჩემი გარეთ გამაგდებდა და ღამის გათევა ქუჩაში მიხდებოდა. ერთხელ მახსოვს წვიმაც იყო, როცა გარეთ მომიწია ღამის გათენება. ალბათ აქედან დაიწყო ყველაფერი, დაიწყო იქიდან, რომ ყოველთვის ვაპროტესტებდი მის საქციელს, ჯიბრში ვედექი და არ მომწონდა, თუკი რამეს არასწორს აკეთებდა და ამას ყოველთვის ხმამაღლა გამოვხატავდი. ეს ეხებოდა დედაჩემსაც, როცა მასზეც ძალადობდა. და, რა თქმა უნდა, როცა ვეწინააღმდეგებოდი, ჩემ მიმართაც აგრესიას გამოხატავდა. აქედან გამომდინარე, მოხდა ისე რომ არც მას ვუყვარდი, არც მე, ერთმანეთისთვის მიუღებელი ადამიანები გავხდით.

ერთხელ მახსოვს მამა წასული იყო სადღაც და მეშინოდა, რომ დაბრუნდებოდა მცემდა და ამიტომ გადავწყვიტე გავპარულიყავი, 13-14 წლის ვიქნებოდი, ზამთარი იყო და ფეხშიშველი წავედი, უხმაუროდ. დედამ საჭმელი გაამზადა, მაგრამ არც გავკარებივარ, ისე გამოვიპარე. მიზანი იყო, რომ სადმე დავმალულიყავი ღამე და მომდევნო დილით პოლიციაში წავსულიყავი. მთელი ბავშვობა ის ოცნება მქონდა, რომ ტელევიზიაში სადმე ბავშვთა დაცვის ცხელი ხაზი გამოჩენილიყო და დამერეკა.

მამა ჩემზე, როგორც ფიზიკურად, ისე ფსიქოლოგიურად ძალადობდა. ერთხელ მახსოვს სახეში შემომარტყა. სტუმრები გვყავდა და რაღაცაზე გავებუტე და დავემალე, გამომიყვანა სტუმრებთან და იმათი თანდასწრებით შემომარტყა სახეში. ყველაზე საშინელი იყო ფსიქოლოგიური ძალადობა, მუქარა, გინება. 3 წლის წინ, დედა იყო ორსულად და მამაჩემი ძალადობდა, დანით ხელში ეჩხუბებოდა. მე გავაპროტესტე, მაგრამ სახლიდან გამაგდო, სადღაც მიტოვებული სახლში ვიმალებოდი. მაშინაც ზამთარი იყო, ქუჩაში ფრთხილად გამოვდიოდი, რომ არ დავენახე ვინმეს, პოლიციაში მინდოდა წასვლა, ბოლოს დედაჩემის მშობლებთან მივედი და ერთი კვირა ვიყავი იქ, მერე პაპაჩემმა მითხრა, რომ ვერ შემინახავდა და მშობლები გყავს, იმათ მოგხედონო.

რომ დავბრუნდი, ზუსტად ერთი თვე, სანამ ჩემი ძმა გაჩნდებოდა, მამაჩემი არ მელაპარაკებოდა, არარაობად მთვლიდა, არაფრად მაგდებდა, ჩემ მიწოდებულ წყალს არ სვამდა. მერე ჩემი ძმა გაჩნდა და როცა სუფრის გაშლა მოინდომა თავისი ძმაკაცებისთვის, მაშინ დამიძახა. ამის მერე, ორი წელი რაღაცნაირად მშვიდობიანად ვიყავით.

სკოლის ბოლო წელი იყო, დამამთავრებელი, უნდა ჩამებარებინა და ვემზადებოდი მასწავლებლებთან. მამაჩემი ფულს მიხდიდა, ვერ ვიტყვი რომ უჭირს ფინანსურად, არც ახლა და არც მაშინ. შეკამათება მოუვიდა დედასთან და მე გადაწყვეტილი მქონდა, რომ აღარ ჩავრეულიყავი ამ ორი ადამიანის ურთიერთობაში, ვინაიდან აზრი აღარ ქონდა. მაგიდაზე ისე აბრახუნებდა ხელს, რომ ჭურჭელი ჰაერში ცვიოდა, მაგრამ სანამ საქმე ფიზიკურ ძალადობამდე არ მივიდა, არ ჩავრეულვარ. ეს ის შემთხვევა იყო, როცა მამაჩემს ვუთხარი, კარგი შენ დაწყნადრი, მართალი ხარ მეთქი, პირველი შემთხვევა იყო, რომ მას დავეთანხმე, მაგრამ არ იყო მართალი და ვთხოვე დაწყნარებულიყო. დედა ოთახიდან გავიდა, მე კი კარებში დავდექი, რომ მამა არ გამეშვა. ჩემი არასრულწლოვანი დები და ორი წლის პატარა ძმა ვტიროდით. მამა კი გვიყურებდა და იცინოდა. მივხვდი, რომ ეს არ არის ნორმალური ადამიანის ქცევა. ამ დროს მოვიდა და სახეში შემომარტყა.

კარის ზღურბლს გადავაბიჯე, ეზოში გამოვედი, შემოვტრიალდი და ვუთხარი, რომ ამას ასე არ დავტოვებდი და პოლიციაში წავიდოდი. დედა, რა თქმა უნდა, არაფრის გაპროტესტებას, არც რამის თქმას ან სახლიდან წამოსვლას არ აპირებდა, მე რა თქმა უნდა აღარ დავბრუნდებოდი იქ. მოკლედ წავედი პოლიციაში. აქამდე მეგონა, რომ რამე რეაგირებას მოახდენდნენ, ან კანონს ექნებოდა იმის ძალა, რომ ეს ადამიანი დასჯილიყო. პოლიციელების პასუხი იყო, რომ ახლაო აფექტის მდგომარეობაში ხართო და არ გირჩევთ არაფრის დაწერასო. უბრალოდ შემაკავებელი ორდერი დაუწერეს, მეტი არაფერი, გადაგივლით ეს სიბრაზეო. არ მომცა არც დედაჩემმა საშუალება რამე დამეწერა ფიზიკურ ძალადობაზე, რომ ხელი გამარტყა. პოლიციელებმაც, მერე რა მოხდა, მამააო. ასე დამთავრდა ეს ამბავი. დედაჩემი, მე და ჩემი პატარა ძმა წამოვედით პაპასთან. ჩემი დები დარჩნენ მამასთან.

ახალი წლები იყო, ბებოს დასთან სამთაწყაროში მინდოდა წასვლა, რომ ცოტა ამ გარემოს მოვშორებულიყავი, ტანსაცმელი მჭირდებოდა, ჩავედი სახლში, ჩემმა დებმა კი ტანსაცმელი არ გამომატანეს და მამას დაურეკეს. პოლიციაში დარეკვა დამჭირდა, რომ ჩემი ნივთები წამომეღო. ახალ წელს კი, უცებ ჩემი დები, ორი დღის წინ, დები კი არა მტრები რომ იყვნენ, მილოცავენ ახალ წელს. როგორც აღმოჩნდა დედაჩემის მცდელობებით, ვინაიდან დედაჩემი უკან მიბრუნებულა სახლში. არ ვიცი ეს როგორ გადავიტანე. პაპასთან დაბრუნების შემდეგ, არც დედა დამხვდა იქ, არც ძმა, დავრჩი მარტო ყველანაირი დახმარების და გვერდში დგომის გარეშე, არ ვიცოდი რა მექნა, ან სად წავსულიყავი.

დედაჩემს ვეღარ ვნახულობდი. ასე დავრჩი მარტო. ბებოსთან და პაპასთან, ბიძასთან, ბიცოლასთან და ორ ბიძაშვილთან ვცხოვრობდი, იმათ მიმიღეს. აღარ ვფიქრობდი საერთოდ დაბრუნებაზე. თუმცა, პაპაჩემი ყოველდღე მეუბნებოდა, რომ უნივერსიტეტში ვერ ჩავაბარებდი იმიტომ, რომ მაგის ფინანსური საშუალება არ ჰქონდათ და რომ მე გათხოვება მჭირდებოდა... მოკლედ, ყოველ საღამოს მეუბნებოდა, რომ სახლში უნდა დავბრუნებულიყავი. არც მე მინდოდა დაბრუნება და არც მამაჩემს უნდოდა ჩემი დანახვა. დღესაც, როგორც მკვრადს ისე მიხსენიებს.

მეც და ჩემი და-ძმებიც, მამაჩემის ახირების გამო (ქრისტიანია მაგრამ ტრადიციებს არ ცნობს) მოუნათლავები ვიყავით. სახლიდან რომ წამოვედი, პირველი რაც გავაკეთე - მოვინათლე. ამ გარემოებებში დავამთავრე სკოლა. გავედი გამოცდებზე და მოვხვდი თელავში. ყოველ დღე ვგრძნობ რომ ძალა მელევა, ვინაიდან როცა სოფელში ჩავდივარ, დედაჩემს ვერ ვნახულობ.

თელავში რომ ჩამოვედი, მეორე დღესვე, სამსახურის თაობაზე მერიაში მივედი და ორი თვე მეეზოვედ ვიმუშავე, მერე აცივდა და ყველაფერი აირია. ერთი პერიოდი მეეზოვედ და მიმტანად პარალელურად ვმუშაობდი და თან ვსწავლობდი. შემდეგ მივხვდი რომ, ისედაც თელავის უნივერსიტეტი არ არის ის უნივერსიტეტი, რომელიც სრულყოფილ განათლებას მოგცემს და თუ ამასაც არ მივიღებ და ვიმუშავებ, არაფერი გამოვა. პაპაჩემმა ისე იცის, რომ მე ვმუშაობ და ჩემით ვიხდი ბინის ქირას, მაშინ როცა ბებიაჩემი ჩუმად მიგზავნის ქირის ფულს.

ზამთარში კიდევ ერთხელ ჩავედი სახლში, ვიფიქრე რას მიზამს-თქო, კინაღამ მომკლა, რკინის ჩაქუჩი მესროლა. გამოვიძახე პოლიცია; პოლიციას ეუბნებოდა, რომ მთელი ნახევარი წელი წასული იყო და დაბოზაობდა და ახლა მე აღარ შემოვუშვებო. განყოფილებაში რომ მივედი განცხადების დასაწერად, დედაჩემიც არ დამეთანხმა და მითხრა არ გინდა ახლა შენ გაბრაზებული ხარ და მოდი ისევ თვალები დავხუჭოთო. პოლიციელმა კი მითხრა, რომ შეიძლება კანონი არ გიკრძალავს იმას როგორც ვცხოვრობ, მაგრამ მამაჩემისთვის ეს მიუღებელია. დავტოვე ეს ფურცელი და ცარიელი ტელეფონით, უფულოდ, დავჯექი თბილისის მარშუტკაზე და მეგობართან წამოვედი ისე, რომ არავინ იცოდა სად წავედი და სად ვიყავი.

ყველაზე რთული მაინც ფსიქოლოგიური სტრესია, ამას ისიც ემატება, რომ ძალიან უიმედოდ ვარ. ჩემს კურსელებს რომ მოვუყევი ჩემი ისტორია, არ გამოიწვია მაინცდამაინც სახარბიელო დამოკიდებულება ჩემ მიმართ. ერთმა ლექტორმა მითხრა ხმამაღლა მაგას არ უნდა ამბობდეო. მე კიდე ვფიქრობ უნდა ვამბობდე, შეიძლება არაფერი განსაკუთრებული არაა, მაგრამ უნდა გაიცნონ ის მოძალადეები ჩვენ ირგვლივ.“

ავტორი: ნინო გამისონია, ფოტო: სალომე საღარაძე. 
წყაროскачать dle 12.1
loading...

loading...
07 июнь 0 1 036
კომენტარები:
დააჭირე აქ კომენტარის დასამატებლად
2017 © PAPARACI.GE პასუხს არ აგებს გამოქვეყნებულ მასალებზე ყველა ინფორმაცია აღებულია ღია და უფასო საიტებიდან
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно