PAPARACI.GE - საინტერესო სიახლეები
loading...
ქეთი კახნიაშვილი სიყვარულის მსხვერპლი გახდა. ხელი სთხოვა. უარის მიღების შემდეგ კი ცეცხლსასროლი იარაღიდან ორჯერ ესროლა

"ახლა გავიგე, რომ ემუქრებოდა და აშანტაჟებდა..."

29 წლის ქეთი კახნიაშვილი სიყვარულის მსხვერპლი გახდა. კოჯრის ბატალიონის კაპრალი ქალი არმიის პოლკოვნიკმა, ჯონი ქოჩქიანმა მოკლა. 
როგორც გაირკვა, ქოჩქიანი კახნიაშვილის სახლში მივიდა და ხელი სთხოვა. უარის მიღების შემდეგ კი ცეცხლსასროლი იარაღიდან ორჯერ ესროლა. შეყვარებულმა ოფიცერმა თავის მოკვლაც სცადა, მაგრამ ამაოდ... ინციდენტის დროს სახლში მოკლულის დეიდაშვილი - მაია კაკიაშვილი იმყოფებოდა, რომელსაც ქოჩქიანი ასევე მოკვლით დაემუქრა, მაგრამ გოგონამ გაქცევა მოახერხა. 
მოგვიანებით ჯონი ქოჩქიანი საპატრულო პოლიციაში მივიდა და მკვლელობის შესახებ აცნობა. 





ქეთი კახნიაშვილი გორის რაიონის სოფელ კარალეთის მკვიდრი იყო; ჯონი კოდორის ხეობიდანაა. არმიაში სამსახური ორივემ სამშობლოს სიყვარულით დაიწყო. მეგობრები ორივეს, როგორც კეთილშობილ, ქვეყნისა და მეგობრებისადმი თავდადებულ ადამიანებს, ისე ახასიათებენ. 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ ჯონის, როგორც რესპონდენტს, მეც შევხვდი. მაშინ ერაყიდან ახალი ჩამოსული იყო, ბრძოლაში ჩაბმას აპირებდა, მაგრამ ვერ მოასწო: ვიდრე ის საქართველოში დაბრუნდებოდა, ომი დამთავრდა. 
ჯონი მრავალშვილიანი ოჯახიდანაა - 10 დედმამიშვილი ჰყავს. დედამისი რუსია. ინტერვიუს ჩაწერისას ვკითხე, - რუსების წინააღმდეგ ბრძოლა არ გაგიჭირდებოდა? შენ ხომ ნახევრად რუსი ხარ-მეთქი! - არა; ვინც ჩემს სამშობლოს, ჩემს მიწას შემეცილება და ჩემს ძმებს ტყვიას ესვრის, ყველას შევებრძოლები და თავსაც შევაკლავო, - მიპასუხა. თითოეული ქართველი მებრძოლის დაღუპვის ამბავს ისე განიცდიდა, როგორ წარმოვიდგენდი, თუ სიცოცხლით სავსე, მუდამ მოღიმარ უმშვენიერეს გოგონას სიცოცხლეს მოუსწრაფებდა?!. 
ქეთის სამძიმარზე მისულს ეზოშივე შემომესმა დედის გოდება. გული მომეწურა, ქეთის ძმისა და მამისთვის სამძიმრის თქმა გამიჭირდა. კიდევ უფრო მეტად გამიჭირდა იმის თქმა, რომ ჟურნალისტი ვარ და ჭირის გაზიარების გარდა, სტატიის მოსამზადებლადაც ვიყავი ჩამოსული... ქეთის ძმამ, გიორგი კახნიაშვილმა აქეთ გამამხნევა... ვთხოვე, ქეთის ცხოვრების, მისწრაფებების, განვლილი გზის შესახებ მოეთხრო.

გიორგი კახნიაშვილი:
- ქეთი ჩემზე ორი წლით უფროსი იყო... მიჭირს მასზე წარსულში ლაპარაკი. ძალიან ლამაზი გოგო იყო, ბევრი თაყვანისმცემელი ჰყავდა. მუდამ მხიარული, დაუღალავი, ენერგიული ადამიანი იყო. ძმასავით მედგა მხარში. არმიაში სამსახური ფულის გამო არ დაუწყია. სამშობლო უყვარდა, ყოველთვის ცდილობდა, სხვას დახმარებოდა, სხვაზე ეზრუნა. სულ მეგონა, თავად არასდროს არაფერი აწუხებდა, არც რაიმე პრობლემა ჰქონდა... ექვსი წელი იმსახურა ჯარში. სამშვიდობო მისიით ერაყშიც იმყოფებოდა 7 თვე. რამდენიმე დღის წინ შვებულება აიღო. უახლოეს მომავალში გათხოვებას აპირებდა... ბოლო თვის განმავლობაში ძალიან შეიცვალა, მუდამ მხიარული და მოღიმარი გოგო, გულჩათხრობილი და სევდიანი გახდა. 
- ვინ იყო მისი რჩეული?
- ჩვენი თანასოფლელი ბიჭი, გიორგი ხარიბეგაშვილზე. 15 წლის ასაკიდან უყვარდათ ერთმანეთი.
- ჯონი ქოჩქიანის შესახებ რა იცით?
- ბევრი არაფერი, 51-ე ბატალიონის მეთაურია. გორში, ოფიცრების დასახლებაში ცხოვრობს. წარმოდგენაც არ მქონდა, ჩემი და თუ უყვარდა. არც მისთვის შემიტყვია რამე და ქეთის არ უთქვამს, რომ აწუხებდა და აშანტაჟებდა. მხოლოდ ახლა გავიგე ყველაფერი. ერთხელ ჯონის ქეთისთვის ღამის 4 საათზე მობილურ ტელეფონზე დაურეკავს, მაგრამ ქეთის არ უპასუხია; ის კი გორიდან კარალეთში წამოსულა, ჩვენს ეზოში, ღობეზე გადამხტარა, ქეთის დაქალისთვის დაურეკავს და უთქვამს, - ქეთის ვურეკავ, მაგრამ არ მპასუხობს, შენ დაურეკე და უთხარი, რომ მის ეზოში ვარ, თანაც შეიარაღებული და თუ ზარზე ისევ არ მიპასუხებს, სახლში შევუვარდები და ყველას ამოვხოცავო... ისიც ახლახან გავიგე, რომ ქოჩქიანი ცოლშვილიანი ყოფილა. მის ცოლს დედაჩემისთვის დაურეკავს და საქმის კურსში ჩაუყენებია. დედამ ეს ამბავი მე და მამას არ გაგვიმხილა, მაგრამ ჯონი დაუბარებია და უთქვამს, რომ თავისი ცოლ-შვილისთვის მიეხედა, ქეთისთვის კი თავი დაენებებინა. ჯონის დედა დაურწმუნებია, რომ ქეთისა და მას შორის არაფერი ხდებოდა და მათ ერთმანეთთან მხოლოდ მეგობრობა აკავშირებდათ; ხოლო თავისი ცოლი ისე უცემია, რომ პირში ერთი კბილიც არ დაუტოვებია მთელი... ამ ყველაფრის შემდეგ ჩემი დის დაშინებასა და შანტაჟს მაინც განაგრძობდა. ეუბნებოდა, რომ თუ მას არ გაჰყვებოდა, საქმროსაც მოუკლავდა, მასაც მოკლავდა და თავსაც მოიკლავდა. ქეთის ჩემთვის ერთხელაც კი არაფერი უთქვამს, თორემ რაღაც ზომას აუცილებლად მივიღებდი.
- ცოლი თუ ჰყავდა, თქვენს დას ცოლობა როგორღა სთხოვა? განქორწინებული ხომ არ იყო! 
- არ ვიცი, მე მგონი, დაქორწინებულიც არ იყო - როგორც მითხრეს, უბრალოდ მასთან 5 წლის შვილი ჰყავს. ახლახან ქოჩქიანის მშობლებმა შემოგვითვალეს, რომ ჩვენთან სამძიმრის სათქმელად მოსვლა უნდათ. ეგენი ნორმალურები ნამდვილად არ ყოფილან. რომელიმე მათგანი ჩემს ეზოში რომ დავინახო, ცოცხალი ვერ გადამირჩება. მათმა შვილმა უდანაშაულო და მომიკლა - ეს როგორ ვაპატიო?!. 




ჯონის რომ ქეთი უყვარდა და ცოლად გაყოლას სთხოვდა, გოგონას მეგობრებმა იცოდნენ, მაგრამ ამ ამბის ასეთ ტრაგიკულ დასასრულს როგორ წარმოიდგენდნენ?!. ქეთიზე საუბრისას ცრემლებს ვერ იკავებს მისი თანატოლი, კარის მეზობელი, ნათია ხარიბეგაშვილი: 
- ჩემსა და ქეთის შორის მხოლოდ ერთი წელია სხვაობა. ერთად გავიზარდეთ. ბავშვობისას ონავარი და ცელქი იყო, მაგრამ კეთილი გული ჰქონდა. ყველა უყვარდა, ყველასთან კარგი ურთიერთობა ჰქონდა. ბავშვობიდანვე ბევრი თაყვანისმცემელი ჰყავდა, უბანში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული გოგო იყო. 15 წლის ასაკიდან უყვარდათ მას და გიორგი ხარიბეგაშვილს ერთმანეთი, მაგრამ ქეთი გათხოვებას არ ჩქარობდა. გარეგნულად ნაზი, სუსტი გოგო ჩანდა, მაგრამ ძალიან ძლიერი ბუნების ადამიანი იყო. საოცრად ხალისიანი იყო, სულ იცინოდა. მაგრამ ბოლოს რამდენჯერაც ვნახე, იმდენჯერ სევდიანი მომეჩვენა. ჯონის შორიდან ვიცნობდი. ვერ წარმოვიდგენდი, თუ ასეთ რამეს ჩაიდენდა.

მკვლელობის დეტალები ქეთის დეიდაშვილმა, მაია კაკიაშვილმა მიამბო: 
- ჩემს დეიდაშვილებს გორშიც აქვთ სახლი. 10 თებერვალს მე და ქეთი იქ მარტონი ვიყავით. ჯონიმ ქეთის მესიჯი მისწერა, მაგრამ ჩემმა დეიდაშვილმა არ უპასუხა. ნახევარ საათში ქოჩქიანი სახლში მოგვივარდა. კარი ღია გვქონდა. შემოვარდა თუ არა, პირველი ტყვია ჰაერში გაისროლა. აშკარად ნასვამი იყო. ქეთი შემოსასვლელშივე შეეგება და შეეცადა დაეწყნარებინა. ჯონი ჩემს დანახვაზე კიდევ უფრო გაღიზიანდა. მე მისაღებ ოთახში კომპიუტერთან ვიჯექი. გავიგონე, ქეთის რომ უთხრა, - ჯერ შენს დეიდაშვილს მოვკლავ შენ თვალწინ, შენც ზედ მიგაყოლებ და თავსაც მოვიკლავო!.. შემდეგ ნაბიჯების ხმაც გავიგონე. შემეშინდა და სამზარეულოში გავედი. ამასობაში სროლის ხმა გავიგონე. ჯონიმ პისტოლეტიდან იქითკენ გაისროლა, სადაც რამდენიმე წუთის წინ მე ვიჯექი (რომ არ ავმდგარიყავი, ტყვია თავში მომხვდებოდა), მერე ოთახში შემოვიდა. ქეთიც შემოჰყვა. ეუბნებოდა, - მაგასთან რა გინდა, მე მელაპარაკეო. ვიდრე ისინი კამათობდნენ, მე უკანა კარიდან ეზოში გავიპარე და სარდაფში დავიმალე. ცოტა ხანში ქოჩქიანიც მომყვა... თოვლზე დატოვებული ნაკვალევით მალევე მომაგნო. სარდაფიდან თმით ამომათრია და სახლის კიბით ამათრია. ოთახისO კარი შიგნიდან იყო დაკეტილი (როგორც ჩანს, ქეთიმ დაინახა, ჯონი ეზოში რომ გამოვიდა, მეც შინ ვეგონე და კარი ჩაკეტა). ქოჩქიანმა კარი წიხლით შეანგრია და კორიდორში მომისროლა. მაშინვე წამოვხტი, ისევ მისაღებ ოთახში შევვარდი და ფანჯრიდან გადავხტი. თავიდან ქუჩაში გაქცევა გადავწყვიტე, ეზოს კარიც გავაღე, მაგრამ მერე გავიფიქრე, რომ ღობე ძალიან დაბალი იყო და მკვლელისთვის ქუჩაში უფრო კარგი სამიზნე ვიქნებოდი; კარი ღია დავტოვე, მისთვის კვალი რომ ამებნია და ავტოფარეხში დავიმალე. რამდენიმე წუთში ჯონი ეზოში გამოვიდა (თურმე ამ დროს ქეთი კისრის არესა და ზურგში იყო დაჭრილი). ვხედავდი, როგორ მეძებდა. მერე ისიც დავინახე, როგორ გაისროლა ხუთჯერ ჰაერში, მეექვსედ კი (ალბათ, თვითმკვლელობის მიზნით) ნიკაპში ისროლა და დაეცა. 20 წუთის განმავლობაში ვუყურებდი, როგორ ეგდო დაბლა გულაღმა, მაგრამ სამალავიდან არ გამოვდიოდი - მეგონა, თავს იმკვდარუნებდა, რომ მივეტყუებინე და მეც მოვეკალი. ერთხანს თავი ხელებში ჩავრგე და სუნთქვაშეკრული გავყუჩდი. თავი რომ ავწიე, ჯონი ვეღარ დავინახე. ავტოფარეხიდან გამოვვარდი და მეზობელთან შევვარდი. მეზობლებმა შეშინებული რომ დამინახეს, დამამშვიდეს და ქეთის მოსაკითხად შინ გამომყვნენ. პირველად ოთახში მეზობლის კაცი შევიდა, მაგრამ უცებვე უკან გამოვარდა. მე აღარ შემიშვეს... შორიდან საკაცეს მოვკარი თვალი. მეგონა, ჯონი იყო, თურმე ქეთი ყოფილა. ის საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა... ქეთის შეეძლო, ჯერ კიდევ მაშინ გაქცეულიყო, როდესაც ჯონი ჩემს საძებნელად სარდაფში ჩამოვიდა, მაგრამ არ ეგონა, თუ სასიკვდილოდ გაიმეტებდა.

როგორც გაირკვა, ქოჩქიანი 20 წუთის შემდეგ გონზე მოვიდა, ქუჩაში გამოვიდა და საპატრულო პოლიციის მანქანა გააჩერა... მძიმედ დაჭრილი ქოჩქიანი პატრულის თანამშრომლებმა გორის საავადმყოფოში წაიყვანეს. მის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება, მაგრამ ამბობენ, რომ სახე საშინლად დასახიჩრებული აქვს და ცალი თვალი დაკარგა. 
გულდამძიმებული გამოვდიოდი კახნიაშვილების სახლიდან. დაღუპულის ძმამ შემაჩერა და ქეთის საქმრო გამაცნო, რომელმაც გოგონას შესახებ აი, რა მიამბო.




გიორგი ხარიბეგაშვილი: 
- მე და ქეთის საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში გვიყვარდა ერთმანეთი. ქეთისთან, მისი სამსახურის სპეციფიკიდან გამომდინარე, ხშირად მიწევდა განშორება, მაგრამ როდესაც ერთმანეთს ვხვდებოდით, ყოველთვის მხიარული და ხალისიანი იყო. ბოლო ორი თვის განმავლობაში, ქეთი საგრძნობლად შეიცვალა, ძალიან სევდიანი და გულჩათხრობილი გახდა. სამსახური ძალიან უყვარდა, მაგრამ ცოტა ხნის წინ გადაწყვიტა, კონტრაქტის დასრულების შემდეგ ჯარიდან საერთოდ წამოსულიყო. გამიკვირდა, ასეთი გადაწყვეტილება რომ მიიღო... ქეთი დღითი დღე იცვლებოდა, რაც დრო გადიოდა, უფრო და უფრო სევდიანი ხდებოდა. ბოლოს უკვე ჩემთან შეხვედრასაც ერიდებოდა, განსაკუთრებით - გორში ყოფნისას. მხოლოდ თბილისში ან მის რომელიმე მეგობრის სახლში ვახერხებდი მის ნახვას. ეს ამბავი ძალიან უცნაურად მეჩვენებოდა. არაერთხელ ვთხოვე - აეხსნა, რა ხდებოდა, მაგრამ - უშედეგოდ, არაფერს მეუბნებოდა... მეც ახლა გავიგე, რომ ჯონი ქოჩქიანი ემუქრებოდა და აშანტაჟებდა. ქოჩქიანის არსებობის შესახებ არაფერი ვიცოდი. არ ვიცი, ახლა რა უნდა ვქნა; მე მასთან არავინ მიმიშვებს, ისე კი პასუხი ნამდვილად უნდა მოეთხოვოს... 

ძნელია, "სიყვარულის სახელით" ჩადენილი მკვლელობის გამართლება, შეყვარებული ადამიანის განსჯა - კიდევ უფრო რთული... იმედს ვიტოვებ, ოდესმე მომეცემა საშუალება, ამ ტრაგედიის შესახებ თავად უიმედოდ შეყვარებული პოლკოვნიკისგან მოვისმინო.
წყაროскачать dle 12.1
loading...

loading...
20 июнь 0 1 332
კომენტარები:
დააჭირე აქ კომენტარის დასამატებლად
2017 © PAPARACI.GE პასუხს არ აგებს გამოქვეყნებულ მასალებზე ყველა ინფორმაცია აღებულია ღია და უფასო საიტებიდან
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно